English / ქართული / русский /
მედეა მელაშვილინუნუ ქისტაურიქეთევან ქველაძე
მსოფლიოში საუკეთესო საგანმანათლებლო სისტემები და მათი განვითარების თანამედროვე ტენდენციები

ანოტაცია

 ნაშრომი ეძღვნება მსოფლიოში ბოლო პერიოდში ყველაზე წარმატებული განათლების სისტემების ანალიზს, როგორიცაა ფინეთის და სამხრეთ კორეის საგანმანათლებლო სისტემები, რომლებიც მრავალი საერთაშორისო კვლევის სარეიტინგო სიებში განუხრელად იკავებენ ლიდერის პოზიციებს. ავტორებს შესწავლილი აქვთ მითითებული ქვეყნების განათლების სისტემები, ჩატარებული აქვთ მათი შედარებითი ანალიზი და განხილული აქვთ მათი განვითარების თანამედროვე ტენდენციები.

საკვანძო სიტყვები: საგანმანათლებლო სისტემა, ფინეთის განათლების სისტემა, სამხრეთ კორეის განათლების სისტემა.

2012 წელს კომპანია „Economist Intelligence Unit“-მა 40 ქვეყანაში ჩაატარა გამოკვლევა. ეს ქვეყნები შეადარეს სამი სხვადასხვა ინდექსით – შეაფასეს ახალგაზრდებისა და მოსწავლეების კოგნიტური (ცოდნის დაუფლების) შესაძლებლობები, საერთო განათლების დონე, მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო საგნების ცოდნა. კვლევის მიხედვით პირველი ათეული ასე გამოიყურება: ფინეთი, სამხრეთ კორეა, ჰონკონგი, იაპონია, სინგაპური, დიდი ბრიტანეთი, ნიდერლანდები, ახალი ზელანდია, შვეიცარია და კანადა. ამ დროიდან მოყოლებული, ყოველწლიურ კვლევებში მოწინავე ქვეყნების სია არ შეცვლილა. როგორც ვხედავთ, ზემოთ მოყვანილი კრიტერიუმების გათვალისწინებით გამოიკვეთა ლიდერი ქვეყნები – ფინეთი და სამხრეთ კორეა, ჩვენთვის საყურადღებო სწორედ ის აღმოჩნდა, რომ ამ სიას სათავეში ტიპური ევროპული ქვეყანა - ფინეთი უდგას, მას კი ტიპური აზიური ქვეყანა სამხრეთ კორეა მოსდევს. დაგვაინტერესა, რა აახლოვებს ან რა განასხვავებს ერთმანეთისაგან ორ, განათლების მხრივ ყველაზე წარმატებულ ქვეყანას, რითი შეძლეს მათ ლიდერობისათვის მიეღწიათ.

ამ ორ ქვეყანაში დამკვიდრებული საგანმანათლებლო სისტემები მკვეთრად განსხვავდება ერთმანეთისგან. სამხრეთ კორეაში, ისევე როგორც აზიის ქვეყნების უმეტესობაში, მთავარი აქცენტი დაისმის მოსწავლის მიერ მასალის „დასწავლაზე“, რაც მიიღწევა მოსწავლეთა მიერ კლასში მაქსიმალური დროის გატარებით. გარდა ამისა, სამხრეთკორეელი მოსწავლეების უმეტესობა დამატებით დადის კერძო სკოლებში თუ რეპეტიტორებთან. რაც უფრო მაღალ კლასშია მოსწავლე, ასეთი გაკვეთილები უფრო და უფრო მრავლდება. სამხრეთკორეული სწავლების მოდელი მოსწავლეებისგან დიდ ნებისყოფას, მძიმე შრომასა და თავდადებას მოითხოვს. ბავშვები მთელი წლის განმავლობაში სწავლობენ როგორც სკოლის კედლებში, ასევე მის გარეთ - კერძო რეპეტიტორებთან. მშობლები აღნიშნავენ, რომ მათი ყოველწლიური ხარჯების ერთი მესამედი შვილების განათლებაზე მოდის. ბავშვებს ტრადიციულად სწამთ, რომ გრძელვადიანი ბედნიერებისთვის მოკლევადიანი უბედურების პერიოდები უნდა განვლონ. აქ პიროვნების მიღწევები განათლებაში, მის სოციო-ეკონომიკურ სტატუს განაპირობებს. ბავშვების მთელი გარემომცველი სამყარო თავიდანვე ქმნის იმის მოლოდინს, რომ ბავშვმა უნდა ისწავლოს კარგად, რაც შემდგომში ძირითად მოტივს წარმოადგენს მოსწავლეებისათვის, იშრომონ მეტი  და მიაღწიონ მეტს.  ფინეთში მიდგომა სხვაგვარია. აქ სწავლების მთავარი პრინციპია, დაეხმარონ მოსწავლეს სასწავლო მასალის გაგებაში, რათა შემდეგ მხოლოდ კი არ გაიმეოროს ნასწავლი, არამედ ცხოვრებაში გამოიყენოს საკუთარი ცოდნა. სკოლამ ბავშვებს უნდა მისცეს არა მხოლოდ განათლება, არამედ რეალური უნარები, რომლებიც მათ დღეს და მომავალშიც გამოადგებათ. ფინური სასწავლო მოდელის მიხედვით, მთავარია სწავლა და არა დასწავლა.

ახლა უფრო დაწვრილებით განვიხილოთ თითოეული მათგანი. სამხრეთკორეული საგანმანათლებლო მოდელის ჩამოყალიბებაზე გარკვეულწილად გავლენა მოახდინა ისტორიულმა პროცესებმა. ჯერ კიდევ XIX საუკუნეში იაპონიის გავლენით აქ დამკვიდრდა განათლების პრუსიული მოდელი, თუმცა კორეული სკოლების მოსწავლეთა 60%-ს იაპონელი ბავშვები შეადგენდნენ. ამავე დროს, ამ ტიპის (პრუსიული მოდელის) სკოლა ახალგაზრდას ძირითადად უმაღლესი სკოლისთვის ამზადებდა, ანუ ამზადებდა ელიტის წევრს. მიუხედავად იმისა, რომ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, 1945 წლიდან, ამერიკული ოკუპაციის პერიოდში სამხრეთ კორეის საგანმანათლებლო სისტემა დასავლურ (ამერიკულ) მოდელზე გადაეწყო, პრუსიული სკოლის გავლენა მაინც ძლიერი დარჩა,

2001 წლიდან სამხრეთ კორეის მთავრობამ პრიორიტეტად გამოაცხადა ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის ხარისხიანი განათლების მიცემა. აქ შემოღებულია სავალდებულო 9 წლიანი განათლება. სამხრეთ კორეაში არსებობს როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო დაწყებითი სკოლები. სამხრეთკორეულ საშუალო სკოლაში პრიორიტეტი ენიჭება რამდენიმე საგანს: მათემატიკას, კორეულ და ინგლისურ ენებს, ზუსტ მეცნიერებებს. `დამატებითია~ სახელოვნებო საგნები, ისტორია, ფიზიკური კულტურა, ჩინური იეროგლიფიკა, ეთიკა, საოჯახო ეკონომიკის მართვა, კომპიუტერული განათლება.

სამხრეთკორეულ სკოლებში მოქმედებს რეიტინგული სისტემა. რაც უფრო მაღალი რეიტინგი აქვს მოსწავლეს, მით მეტია უნივერსიტეტში ან კოლეჯში მოხვედრის შანსი. ვინც უნივერსიტეტში ან კოლეჯში არ აბარებს, შეუძლია სწავლა პროფესიულ სასწავლებელში განაგრძოს.

უმაღლესი სკოლები (ჰაისქულები) ორ კატეგორიად იყოფა: საერთო საგანმანათლებლოდ და პროფესიულად. საერთო საგანმანათლებლო უმაღლესი საფეხურის სკოლებში სწავლობენ ჰუმანიტარულ, საზოგადოებრივ და საბუნებისმეტყველო საგნებს, ხელოვნებას და უცხო ენებს. პროფესიულ ჰაისქულებში ახალგაზრდები ცოდნას იღებენ კომპიუტერულ ტექნიკაში, შეისწავლიან ბიზნესადმინისტრირებას, მანქანათმშენებლობას, სოფლის მეურნეობას და საზღვაო საქმეს. არის არცთუ ისე ბევრი შერეული ტიპის საერო სკოლაც, სადაც ისწავლება როგორც საერთო საგანმანთლებლო, ასევე პროფესიული საგნები. უმაღლესი სასწავლებლებიც კოლეჯები და უნივერსიტეტები  არის სახელმწიფოც და კერძოც.

ჰაისქულის დასრულება აუცილებელი არ არის. მიუხედავად ამისა, მოსწავლეების 93%  სკოლას მოცემულ ვადაში ამთავრებს. მოსახლეობის 68% ფლობს ბაკალავრის ხარისხს 25-34 წლის ასაკში, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია OECD (Organisation for Economic Cooperation and Development) წევრ ქვეყნებს შორის. კორეის სამუშაო ძალა კი ერთ-ერთი ყველაზე განათლებული და მაღალი უნარების მქონეა მსოფლიოში. 2015 წლისთვის ახალგაზრდა სამხრეთკორეელების 97%-მა დაასრულა უმაღლესი სკოლა (ჰაისქული). ამას თავისი მიზეზები აქვს: ვინც ამას ვერ ახერხებს, მას ეკონომიკური და სოციალური წარმატების ნაკლები შანსი რჩება. უმაღლესი განათლების დიპლომი ახალგაზრდა კორეელს სოციალური სტატუსის ამაღლების, მაღალანაზღაურებადი სამუშაოს შოვნის შესაძლებლობას აძლევს. განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს, რომ როგორც სკოლაში, ისე უმაღლეს სასწავლებლებშიც (უნივერსიტეტში, კოლეჯში) კორეელ ახალგაზრდას საკმაოდ დატვირთული გრაფიკით უწევს სწავლა. საინტერესოა, რომ სამხრეთ კორეაში 5-6 წლამდე ასაკის ბავშვების აღზრდა ძალიან ლიბერალური მეთოდებით მიმდინარეობს, სკოლაში შესვლისთანავე კი ბავშვს უკვე მკაცრი, მომთხოვნი მეთოდებით ზრდიან. სწავლება მეტად დაძაბული გრაფიკით მიმდინარეობს: თითქმის მთელი დღე, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, ასევე – თვის პირველ, მესამე და მეხუთე შაბათს ნახევარი დღე. შაბათობით მოსწავლეები მეცადინეობენ დამატებით წრეებშიც. სამხრეთკორეული სკოლები გამოირჩევა მკაცრი დისციპლინით. იყენებენ დასჯის ფიზიკურ მეთოდებსაც. საერთოდ, გამოკითხული სამხრეთკორეელი მშობლების 73% აცხადებს, რომ ბავშვებს ფიზიკურად სჯიან.

როგორც საშუალო სკოლებში, ასევე უმაღლეს სასწავლებლებში დატვირთვა იმდენად დიდია, რომ ახალგაზრდებს დასვენებისა და გართობისთვის ძალიან მცირე დრო რჩებათ. უმაღლესი საფეხურის საშუალო სკოლებში ტესტირება სემესტრში ორჯერაა და ის იმდენადვე მნიშვნელოვანია, რამდენადაც უნივერსიტეტში ან კოლეჯში მისაღები გამოცდები. მიიჩნევა, რომ ასეთი ტესტის დასაძლევად ახალგაზრდებმა 60-დან 100 ფურცლამდე ტექსტი უნდა დაიმახსოვრონ. წარმატებისთვის მათ უწევთ პირად, საზოგადოებრივ თუ ოჯახურ ცხოვრებაზე უარის თქმა. ასევე ძალიან მძიმეა დატვირთვა უნივერსიტეტებსა და კოლეჯებში. ეს „საგამოცდო ჯოჯოხეთი“ და, საერთოდ, სწავლისას მძიმე დატვირთვები მიიჩნევა კორეელ ახალგაზრდებში სუიციდის სიხშირის ერთ-ერთ მიზეზად (სტატისტიკური მონაცემების თანახმად, ახალგაზრდების სიკვდილიანობის მიზეზთაგან პირველ ადგილზეა ავტოავარია, ხოლო მეორეზე - სუიციდი).

ახლა რაც შეეხება ფინეთის განათლების სისტემას.  ფინელი მოსწავლეები შედარებით მოკლე სასწავლო საათებს ატარებენ საკლასო ოთახებში, დროის ძირითადი ნაწილი კი არასაკლასო სამუშაოებს ეთმობა.  ფინელებს სჯერათ, რომ ცოდნის ყველაზე დიდი ნაწილი სასწავლო კედლებს გარეთ მიიღება. უმაღლეს კლასებში საგნების მესამედი არჩევითია და მოსწავლეები თავად წყვეტენ არა მარტო იმას, თუ რომელი საგნები ისწავლონ, არამედ იმასაც, თუ რომელი გამოცდები ჩააბარონ. ფინელი მასწავლებლები არ არიან ვალდებულნი, დაემორჩილონ წინასწარ განსაზღვრულ რეგულაციებს, მათ აქვთ უფლება, შეიმუშაონ საკუთარი ინოვაციური სასწავლო გეგმა და ჩაატარონ ექსპერიმენტები. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ფინეთში როგორც დაწყებითი, ასევე უმაღლესი კლასების  მასწავლებლებს მოეთხოვებათ მაგისტრის ხარისხის ფლობა. მომავალ მასწავლებელს აუცილებლად უნდა ჰქონდეს საუკეთესო აკადემიური მოსწრება.

ფინეთში მოსწავლეები სწავლას 7 წლის ასაკიდან იწყებენ და 16 წლის ასაკში ამთავრებენ საშუალო განათლების მიღებას, რასაც მოსდევს 3 წლიანი არასავალდებულო ზოგად საგანმანათლებლო პროგრამა ან პროფესიული სწავლება, რის შემდეგაც ისინი აბარებენ უნივერსიტეტებში ბაკალავრის ხარისხის დასაუფლებლად.  შესაბამისად, მოსწავლეს მიღებული აქვს გარკვეული პრაქტიკული უნარები მისთვის საინტერესო სფეროში და შეგნებულად იღებს გადაწყვეტილებას, თუ რა პროფესიის დაუფლება სურს საბაკალავრო საფეხურზე. ფინურ „ნოუ-ჰაუს“ წარმოადგენს გაკვეთილის დაგეგმვის "თანასწავლების" მეთოდი, რაც პროცესში ერთზე მეტი საგნის სპეციალისტის ჩართვას გულისხმობს. მასწავლებლებს, ვინც ამ სისტემაზე გადადიან, ხელფასზე დანამატსაც სთავაზობენ. 2016 წლისათვის სკოლის მასწავლებელთა 70 პროცენტს უკვე ჩაუტარდა ახალ სისტემაზე გადასვლის ტრენინგი.

საერთაშორისო გამოცდილებით, ფინელი მოზარდები მსოფლიოს ყველაზე ჭკვიანთა რეიტინგში ლიდერობენ 15 წლის მოსწავლეებში. ბოლო წლებში ისინი განუხრელად უმაღლეს შეფასებას იმსახურებენ 57 ქვეყნის მონაწილეთა შორის.

სხვა ქვეყნების თანატოლების მსგავსად, ისინი ბევრ დროს უთმობენ კომპიუტერსა და ინტერნეტს, უსმენენ რეპსაც და მძიმე როკსაც, თუმცა საშუალო სკოლაში (მე-9 კლასიდან) სერიოზულად ეკიდებიან მათემატიკის, საბუნებისმეტყელო და საზოგადოებრივი მეცნიერებების შესწავლას, რომლებსაც ურთულესი პროგრამებით გადიან. ალბათ, საშუალო სკოლაში რთული პროგრამების დაძლევით და განსაკუთრებული შრომისმოყვარეობით აიხსნება ის, რომ ფინელები მსოფლიოში ყველაზე კარგ მუშაკებად და მოხელეებად არიან მიჩნეული.

ფინეთი პირველ ადგილს არავის უთმობს პროგრამების საერთაშორისო შეფასებისას, როცა კომბინირებული შეფასებებით მოსწავლეთა საგანმანათლებლო მიღწევები ფასდება ბოლო გამოცდის დროს (რომელიც მსოფლიო მასშტაბით ტარდება ყოველწლიურად). ფინელი სტუდენტები ზოგად მეცნიერებებსა და უმაღლეს მათემატიკაში მუდამ  საუკეთესო შედეგებს აჩვენებენ.

ფინელი მოსწავლეების აკადემიურმა წარმატებამ მრავალი ქვეყნის მასწავლებელთა და განათლების სპეციალისტთა ყურადღება მიიპყრო. ისინი ყოველწლიურად აკვირდებიან და იკვლევენ, თუ როგორ მოახერხა სახელმწიფომ, ჰქონდეს ასეთი განათლების სისტემა, ჰყავდეს ამდენი მაღალკვალიფიციური მასწავლებელი და სისტემატურად ზრუნავდეს მათ პროფესიულ განვითარებაზე.

ბავშვები, უკვე დაწყებით ეტაპზე ბევრ რამეს უფროსების დახმარების და ჩარევის გარეშე აკეთებენ. ყველა საფეხურზე მასწავლებლები გაკვეთილის გეგმებსა და სტრატეგიებს მათთან შეთანხმებით და მათი მონაწილეობით ადგენენ. მოსწავლეები აქტიურად მონაწილეობენ სკოლის ცხოვრებაში. მოსწავლეთა თვითმმართველობები კი - სკოლის მართვაში. აქ არ არსებობს ელიტური სკოლები, კერძო საგანმანათლებლო დაწესებულებები სისტემის უმნიშვნელო ნაწილს შეადგენს.

მიუხედავად იმისა, რომ ფინელი მასწავლებლები აქტიურად იყენებენ თანამედროვე ტექნიკურ შესაძლებლობებს, მოსწავლეებს სკოლაში მკაცრად ეკრძალებათ მობილური ტელეფონით სარგებლობა. პედაგოგები გაკვეთილზე სისტემატურად იყენებენ ინტერნეტრესურსებს, ასევე ინტერნეტის საშუალებით ხშირად ურთიერთობენ მოსწავლეებთან.

ფინელი მოსწავლეები გაკვეთილზე პრაქტიკული სავარჯიშოების კეთებით არიან დაკავებული. მასწავლებლების მიზანია მოსწავლემ გაკვეთილზევე აითვისოს ახალი მასალა და შინ ძალიან მცირე ჰქონდეს გასაკეთებელი. ამიტომ ისინი ყველა გაკვეთილზე იყენებენ ტესტური გამოკითხვის ფორმას, ჯგუფური მუშაობის სხვადასხვა მეთოდს, მცირე კონკურსებს და გაკვეთილის შემდგომ ინდივიდუალურ მეცადინეობას მათთვის, ვისაც ახალი მასალის ათვისება უჭირს.

სკოლებში თვალში საცემია ის, რომ მომსახურე პერსონალის და მასწავლებელთა გარდა, ბევრი სტაჟიორია დასაქმებული, რომლებიც აუცილებელ პრაქტიკას გადიან.

მეცნიერები დაობენ რომ, მიუხედავად ნებისმიერი, კერძოდ კი განათლების სამხრეთკორეული სისტემის წარმატებისა საერთაშორისო რეიტინგებში, სადაც ეს  წარმატება მიიღწევა ბავშვების სტრესის ხარჯზე, მიზანშეწონილია თუ არა აღნიშნული მოდელის გამეორება.

ფინელები სწორედ იმით ამაყობენ, რომ მათი სასწავლო სისტემა ნაკლებად სტრესულია და გახსნილია სხვადასხვა ტიპის სწავლების მეთოდებისადმი. შედეგად, განსხვავება ყველაზე საუკეთესო მოსწრებისა და ყველაზე დაბალი მოსწრების მოსწავლეებს შორის მინიმალურია მსოფლიო მასშტაბით, ისევე როგორც სამხრეთ კორეაში, ფინეთშიც მაღალია სკოლა-დამთავრებულთა რიცხვი. ყოველწლიურად  მოსწავლეთა საშუალოდ 93% ამთავრებს სკოლას.

ფაქტორები, რომლებიც ძირითადად უზრუნველყოფს ჩვენ მიერ შესწავლილი საგანმანათლებლო სისტემების წარმატებას, რამდენიმეა, მაგრამ მათ შორის, ჩვენი აზრით, უმნიშვნელოვანესია სოცკულტურული ფაქტორი. იგი მოიცავს ნაციონალურ ტრადიციებს, ეროვნულ კულტურასა და ყოფას.

ორივე ქვეყნისათვის დამახასიათებელია მშობლების მიერ თავიანთი შვილების განათლების მაღალი დონის პირველხარისხოვან ამოცანად დასახვა. თუმცა აბსოლუტურად განსხვავებულია ამ ამოცანის გადაჭრის გზები: ერთგან გადამეტებული ლიბერალობა, ხოლო მეორეგან ასევე გადამეტებული სიმკაცრე. მაგრამ რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, შედეგი ორივეგან შესაშურია. საქმე ისაა, რომ სწორედ აქ იჩენს ნაციონალურ-კულტურულ-ტრადიციული განსხვავება. ნებისმიერ ქვეყანაში არსებობს თავისი ტრადიციები, რომელსაც მისდევს როგორც უფროსი (მშობლების), ასევე უმცროსი (შვილების) თაობები. ევროპულ ქვეყნებში ახალგაზრდები ძალიან ადრე იწყებენ მშობლებისაგან დამოუკიდებელ ცხოვრებას, მაგრამ ასევე ძალიან ადრე ითავისებენ პასუხისმგებლობას საკუთარი მომავლისადმი. აქ მთავარია ახალგაზრდებმა ადრევე გაიგონ განათლების ყველა „სიკეთე“, დანარჩენი მხოლოდ მათ მონდომებაზეა დამოკიდებული. მშობლების ფუნქცია ამ „სიკეთის“ სწორად ახსნა და ინსტიტუციური მოწყობაა. აზიურ ქვეყნებში, პირიქით, დღესაც ძალიან ძლიერია უფროსებისადმი ტრადიციული პატივისცემა და მათი გადაწყვეტილებების თითქმის უპირობო მიღება, თუნდაც ეს არანორმალურ შრომას მოითხოვდეს. შვილების ამდაგვარ მორჩილებას მშობლები საგანმანათლებლო სისტემის წარმატებული მოწყობით და შვილების სწავლის თითქმის მთელი პერიოდის ფინანსური უზრუნველყოფით პასუხობენ.

სამხრეთ კორეისა და ფინეთის საგანმანათლებლო სისტემებს საერთოც აქვთ. ეს არის პროფესიონალი მასწავლებლების მაქსიმალურად მაღალი დონე. ისიც კი შეიძლება ითქვას, რომ ამ ქვეყნების განათლების სისტემა დგას არა ნიჭიერ მოსწავლეებზე, არამედ ნიჭიერ მასწავლებლებზე. ორივე ქვეყანაში პედაგოგის ადგილზე კონკურსი ძალიან დიდია. ყოველივე ამის გამო თითქმის ყველა მასწავლებელს ან მაგისტრის, ან სამეცნიერო ხარისხი აქვს. მასწავლებლის პროფესიის ასეთ პოპულარობას უზრუნველყოფს მათი საქმიანობის მაღალი ანაზღაურება. კერძოდ, ფინეთში მასწავლებლის ხელფასი საშუალო ან საშუალოზე ოდნავ მაღალია, ხოლო სამხრეთ კორეაში – საშუალოზე ორჯერ მეტი.

ფინელების წარმატებების ერთ-ეთი მიზეზი სავარაუდოდ ისიცაა, რომ მათ ძალიან უყვართ წიგნები. ყველა სავაჭრო ცენტრსა თუ საოფისე შენობაში შეხვდებით წიგნის მაღაზიას, რომელიც ამავდროულად ბიბლიოთეკაა. ისინი ბევრს კითხულობენ ინგლისურ ენაზე. 2016 წელს ამერიკის განათლების დეპარტამენტის და განათლების ეროვნული ასოციაციის დასკვნაში ფინეთი ინგლისური ენის ცოდნითა და თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით სკანდინავიისა და ევროპის არაინგლისურენოვან ქვეყნებს შორის პირველ ადგილზე აღმოჩნდა. რაც შეეხება კორეას, აქ წიგნიერების დონე 100%-ია.

და ბოლოს, უნდა დავაფიქსიროთ, რომ ორივე ქვეყნის - ფინეთის და სამხრეთ კორეის -  განათლების სისტემების ანალიზი გვიჩვენებს, რომ ორივე შემთხვევაში შედეგი დადებითია და ამტკიცებს, რომ წარმატებული განათლების სისტემა, როგორც ნებისმიერი ქვეყნის ინოვაციური სისტემის ძირითადი ელემენტი ქვეყნის მომავალი ეკონომიკური განვითარების ფუნდამენტია.

გამოყენებული ლიტერატურა

  1. https://ka.wikipedia.org/wiki განათლება 
  2. https://ka.wikipedia.org/wiki http://www.mes.gov.ge/content.php?id=7562&lang=geoსამხრეთ კორეასთან თანამშრომლობა ახალ ეტაპზე გადადის
  3. http://mastsavlebeli.ge/?p=2356 განათლება სამხრეთ კორეაში
  4. http://www.sazogadoeba.ge/index.php?post_id=1513 საგანმანათლებლო სისტემის ტოპ-ოცეული - აზიის ქვეყნების წარმატების საიდუმლო
  5. https://edu.aris.ge/news/როგორია განათლების დონე მსოფლიოს უღარიბეს ქვეყნებში და განსაზღვრავს თუ არა მას ქვეყნის ეკონომიკური მაჩვენებელი
  6. http://forbes.ge/blog/215/
  7. https://ru.wikipedia.org/wiki
  8. http://www.koreya24.ru/zizn-v-severnoi-koree/obrazovanie-v-severnoi-koree Образование в Северной Корее
  9. http://www.best-country.org/asia/korea/education
  10. https://knowledge.allbest.ru/pedagogics/3c0b65635a3ad79b4d53a88421306c37_0.html

Система образования Республики Кореи и КНДР